Sunday, August 5, 2007

"ჩამო–კვეთილი" – ანუ აქა ამბავი ჩვენი ქართულ მიწაზე მოგზაურობისა...

არჩილ გიორგაძის, ანუ გიორგი ჩოგოვაძის ნაამბობი:
30 ივლისი 7:00 -- ერთი ჩვეულებრივი თბილისური დილა. ჩვეულებრივი, მაგრამ არა იმ 36 ადამიანისთვის, რომლებიც წინასწარ დათქმულ ადგილისკენ თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოემართებოდა.
ჯერ არ ვიცოდით რა გველოდა წინ. წინ იყო გზა… გრძელი??? არა! რთული??? არა! რთული, რომ არ იყო ესეც ვიცოდით. უბრალოდ გველოდა გზა რომელზედაც წინდაწინვე უამრავი კითხვის ნიშანი ჩაგვემწკრივებინა თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენსავე გონებაში. რამდენჯერ შემხვედრია კითხვა კროსვორდში: საქართველოს ისტორიული მხარე? და სამი ცარიელი უჯრა. ცარიელი კვადრატები! რამდენჯერ მიძებნია საქართველოს რუქაზე ეს სამი ასო! ტაო! ტაო! ტაო! ვერ მიპოვნია! ისევ მიძებნია! და ისევ… და ისევ … ბოლოს გამიგია რომ აღარ გვქონია ის რაც გვქონია და … მახსენდებოდა სიტყვა: "ისტორიული" .

ყორნებს? არა! სვავებს? არც სვავებს არ წაუღიათ! "წაღება"? "წაღება" ვთქვი? მომიტევეთ. გამოგლეჯა უნდა მეთქვა. ან თუნდაც ჩამო-კვეთა! "ჩამო" --- და იმ დილით სწორედ იქ ჩასასვლელად ვიკრიბებოდით.

შევიკრიბეთ და შევუდექით გზას.
"ფანტასტიური" - მოკლედ და ლაკონურად ასე შეიძლება ამ სევდიანი მოგზაურობის შეფასება, რომელმაც აუწონავ სიხარულთან და ემოციებთან ერთად დიდი ნაღველიც დაგვიტოვა, რადგან საქართველოს ტკივილი იქ ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ერთის მხრივ, გვიხაროდა იმ დიდებული, არქიტექტურულად, თუ ძალმოსილებით ბრწყინვალე ტაძრების ხილვა, მაგრამ ხასიათს მათი სავალალო დღევანდელობა გვიფუჭებდა. კიდევ, ჩვენი უსუსურობის შეგრძნება...

ყველა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით. სწრაფად გავიარეთ ვალემდე გზა და გადავედით "ნანატრ საქართველოში?!
ვალედან გადასულებმა გავიარეთ ერუშეთი, არტაანი, კოლა და ტაო.მისი გოროზი ბუნება სრულად ამართლებს გამოთქმას - "ბებერი ტაო". ავტობუსიდან შევათვალიერეთ ჯაყელთა საგვარეულო *ჯაყის ციხე*, მერე - ყველის ციხეც და ავედით ბანაზე.

ეს იყო პირველი ემოციური დარტყმა! ხან ტაძარს ვუყურებდით გაოგნებულნი, ხან ერთმანეთს. მოულოდნელად იმაზე მეტი დამხვდა, მე პირადად, ვიდრე ველოდი. დაგვხვდა მაგრამ ძალიან დაგვწყვიტა გული! თითქოს ობლობის განვლილი საუკუნეები დაუზარელად მოგვიყვა და თავისი ტკივილი გაგვიზიარა. ნუ სიტყვებით ამის აღწერა ძნელია. მე არ შემიძლია ყოველშემთხვევაში.

ძლივს მოვწყდით იქაურობას. და ორი საათის დაგვიანებით გავუდექით იუსუფელის გზას. აქ პირველად მოგვეცა საშუალება ერთმანეთისთვის აზრი და ემოციები გაგვეზიარებინა. მივხვდი რომ მარტო ჩემზე არ მოეხდინა შესამჩნევი ცვლილება პირველ სტუმრობას. ეს იყო რაღაც ... რასაც არ ველოდით!

დაბნელებული იყო იუსუფელში რომ ჩავედით... იქ უკვე გვქონდა დარეკილი და გველოდებოდა სასტუმროს მეპატრონე - ოსმანა ბატონი. თურქი იყო, სუფთა თურქი, თუმცა ჰოი საოცრებავ თითქმის მთელი იუსუფელი გურჯებით არაა სავსე! თანაც ქართულს გელაპარაკებიან. არც ამას ველოდით ბევრი. მოკლედ დავაყარეთ კითხვები. ვიკითხეთ რა და როგორ!? რაც ყველაზე აღსანიშნავია შვილებს, ლაზურად - ღანჭებს, ყველა ასწავლის ქართულს პატარაობიდანვე. სასიამოვნო მოსასმენია 21-ე საუკუნეში ძველ ქართული სიტყვებით შეჯერებული ქართულის მოსმენა. თუმცა წერა კითხვა არ იციან!

დაგვაბინავეს ---- შეიძლება ასეც ითქვას . სასტუმრო მდინარე პარხალის ნაპირზე იყო განლაგებული. ლამაზი ადგილი იყო. მოკლედ ყველა რომ დავლაგდით აღმოჩნდა რომ 4 ყაზილარი ოთახის გარეშე დავრჩით. ოთხივეს ფოიეში გვეძინა, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან რომ დენი და წყალი გაითიშა იმავე დღეს. თუმცა ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით.

დილით იშხანის, ოშკისა და ხახულის სანახავად დავიძარით! ვნახეთ კიდეც ! იშხანისა და ოშკიში არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. ოშკში და იშხანშიც მიუხედავად გიდის მკაცრი გაფრთხილებისა, რადგან მოსახლეობა იყო და გაღიზიანებას ვერიდებოდით, სანთლების დანთება და ლოცვის წაკითხვაც მოვახერხეთ. დროშაც გავშალეთ იშხანში. აი ხახული კი მოგეხსენებათ დღესაც მეჩეთად არის გადაკეთებული. კარი დაკეტილი დაგვხვდა. 4 საათი იყო, როგორც შევნიშნეთ ლოცვის დრო იყო მუსულმანთათვის. გაივსო ეზო იქაური თურქებით. ჩვენც ვთხოვეთ კარი გაეღოთ. როგორც ყოველთვის თავი დაგვიქნიეს, კიო, რაზეა ლაპარაკი.. იოხტ ბაზარიო. კარგათ გამოსდით ეს. ჩვენც ველოდეთ... ველოდეთ 2 საათი... ბოლოს ერთმა ჩვენიანმა შენიშნა რომ ტაძარში შიგნით ვიღაც იყო და ის ვიღაცა იმალებოდა. ნათელი იყო კარს არ გაგვიღებდნენ და რადგან ოშკი სანახავი გვქონდა ჩვენც უაზრო ლოდინს ჩვენი მსვლელობის გაგრძელება ვარჩიეთ. გავეშურეთ ოშკისაკენ! ვნახეთ ვიგრძენით მოვეფერეთ მოგვეფერა... ემოციებზე უკვე არ ღირს ლაპარაკი ! ვერაგ თურქებს ამ უდიდესი და უბრწყინვალესი ტაძრის კედელთან ორ სართულიანი საპირფარეშო მიუდგამთ ისე რომ ერთი კედელი საერთო აქვთ ტაძარსა და ტვალეტს. ეხ ძნელი სანახავი იყო ! იმის გაფიქრებაზე, თუ რისთვის უწვალიათ ამდენი ჩვენს წინაპრებს, რისთვის უშრომიათ ასე ტიტანურად და რა უმწეოები ვართ ჩვენ, ბევრს ტირილი მოგვერია.

ბინდდებოდა სასტუმროსკენ გეზი რომ ავიღეთ. იმედი გვქონდა წყალიც იქნებოდა დენიც და საწოლიც. მართლაც იყო. თუმცა ყველა ნომერში არა. ზოგან იყო ზოგანაც არა. მოკლედ დავჯექით სავახშმოდ. წაღებული ძლიერმოქმედი ჭაჭაც გამოჩნდა და რამოდენიმე წუთში იმ მივიწყებულ საქართველოს, ის მივიწყებული ქართული ქეიფიც შევახსენეთ რომელიც ასე აკლია იმ ადგილებს. მადლიანი ქართული სიმღერაც შემოვძახეთ. ლამამ ეგრე არ უნდაო, ხელებიც გაშალა და სიმღერას ქართული, არანაკლებ მადლიანი, ცეკვაც მოყვა! მოკლედ კარგათ მოვილხინეთ! იქ იყო ყველაფერი. ცრემლ მორეული სადღეგრძელოები, ომახიანი სიმღერა და ნატიფი ქართული ცეკვაპაექრობაც კი გავმართეთ თურქებთან სიმღერაში. მათ სასახელოდ უნდა ითქვას რომ ტოლი არაფერში დაგვიდეს და ბოლომდე გამოგვყვნენ. ბოლოს ჩვენც და თურქებმაც ჩვენ-ჩვენი ჰიმნები ვიმღერეთ, და ეს პაექრობა ერთობლივი სიმღერით "ნანაიდა"-თი დავასრულეთ
კარგათ გვიანი იყო რომ ნომრებში დავნაწილდიით!!!!


მესამე დღეს ოთხთა და პარხალი მოვინახულეთ! პარხლისაკენ გზად შორიდან ქართული სოფლებიც დავინახეთ! აღსანიშნავია ბალხი რომელიც გორაკის წვერზეა და ამაყად გადმოჰყურებს იქაურობას! პარხალიც ვნახეთ ! ფოტოს გადასაღებად მოვუარე და როგორ არ ვიცი იქაური მაცხოვრებლის ბოსტანში ამოვყავი თავი! ოოოოოო მელანოოოოოო! იქიდან ყიჟინით და ჯოხის ქნევით ქალი გამოვარდა. მართლაც შემაშინა. თუმცა ბოდიშიც მოვუხადეთ გამოვესაუბრეთ და დავუმეგობრდით კიდეც. ქართულ წიგნში თავისი თავიც ვანახეთ და ისე გაუხარდა რომ ბოლოს წამოსვლისას მხარზე ხელი დამარტყა და ღიმილით მითხრა ალალი იყოს შენზე ჩემი პამიდვრის სრესაო!

პარხალიდან ოთხთასაკენ გზად ჩანჩქერი შევნიშნეთ. "დათვთა აბანო" ასე ერქვა. დათვი არ ვიცი მარა ჩვენც მშვენივრად გავგრილდით! განსაკუთრებით ლამამ იხალისა. ფოტოები დაგიმოწმებენ. არც შორენას დაუზოგია თავი

ეჰ ოთხთა იქაურად დორთგილისე! ერთერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ არის დაბერებული. მაგრამ თავი ისე უჭირავს თითქოს არც გასჭირვებოდეს! ამაყი მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დაბრუნებულებს სიურპრიზი დაგვხვდა. ოსმანამ გამოგვიცხადა რომ 12 კაცი სხვაგან უნდა გადაგიყვანოთ რადგან 25 დოლარად ებრაელები ჩამოვიდნენო და თქვენ აბა როგორო... ამას ისიც დაემატა რომ მისულებს ჩვენი ოთახები ღია, ხოლო ბარგი გარეთ გამოყრილი დაგვხვდა დაიძაბა სიტუაცია ! ქართველი ასე ადვილად თავს არ დაიმცირებს. ჩვენგან 4 კაცს ისედაც მისაღებში ეძინა იატაკზე და ამით აღშფოთებულებმა საერთოდ დავტოვეთ ოსმანას სასტუმრო.
თუმცა საბოლოოდ ეს იმდენად ბედნიერი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ მერე ოსმანას ვლოცავდით კიდეც ამისთვის - ყველაზე ნაყოფიერი სწორედ მომდევნო დღე აღმოჩნდა.

იმ ღამესვე ჩავედით ართვინში, მაგრამ სასტუმროებში ადგილები არც იქ იყო და არტანუჯისკენ გავუყევით.


დილის 6 საათისთვის არტანუჯში ჩავედით. აქ კიდევ ერთ საოცარ შემთხვევას მოგიყვებით! ამინდი გაფუჭდა მოიღუბლა და წვიმა წამოვიდა!!!! ნისლი ჩამოწვა ირგვლივ! ამინდი კარგს არაფერს გვიქადდა. ისედაც რთულად მისასვლელ ადგილებში წვიმა ასვლას შეუძლებელს ხდიდა. თურქმა მძღოლებმაციმედიგადაგვიწურე?

ერთი პერიოდი მთელი დელეგაცია დავდუმდით და ძალიან ვინერვიულეთ. მაგრამ ბოლოს ძლიერმა სურვილმა თავისი ქნა და მიუხედავად წვიმისა მარშუტკები ვიშოვეთ და წასვლაც გადავწყვიტეთ. ჰოი საოცრებავ !!! სად გაქრა წვიმა?! იკლო, იკლო და შეწყდა. ქალაქიდან გასულებს კი გზები მშრალი დაგხვვხვდა, თურმე სულ არ უწვიმია. თითქოს ბუნების დედამ შეისმინა ჩვენი მუდარა და გზა გაგვიხსნა.

დოლისყანა ვნახეთ ჯერ, შემდეგ ხანძთისკენ გზას დავადექით. ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ასეთ გზაზე მომიწევდა გატენილი მანქანით მგზავრობა! ფეხით გამიჭირდებოდა ! მოწითალო ფერდობებს მაღლა და მაღლა მიყვება ძალიან ვიწრო გზა. ალბათ უფრო ფართო ბილიკი შეილება ეწოდოს. ზოგიერთს ისე შეეშინდა თვალები დახუჭა და სირაქლემასავით თავი წაღებულ ბარგში "ტუცა". ნაწვიმარიც არ იყო. მივადექით მართლაც და უუუუულამაზეს ადგილს! ბილიკით, ვინ იცის შეიძლება ამ ბილიკზე თვით გრიგოლ ხანძთელიც დადიოდა, ავუყევით ტაძრისკენ გზას! მივადექით და ჩვენ წინ ულამაზესი სურათი გაიშალა. თუმცა ძალიან დაზიანებულია, მაგრამ ....... არა რა სიტყვებით ამას ვერ იტყვი.სანთლები დავანთეთ , ლოცვა დავიწყეთ და ჰოი საოცრებავ ! უცებ ძალიან ძვრილად და ნაზად წვიმა წამოვიდა... თითქოს იქაურობა ცრემლით გვეგებებოდა და ტკივილისგან მოძალებულ სევდას ვერ მალავდა. შემდეგ კი ზუსტად 5 წუთში მზემ გამოანათა და ოქროსფერი დაედო ყველაფერს! ეს მართლაც რაღაც ის იყო რასაც ვერ ახსნი... ეს უნდაშეიგრძნო.

მიუხედავად იმის რომ ოპიზის ნახვა თავიდან არ გვქონდა დაგეგმილი, ცდუნებას ვერ გავუძელით და მისკენ წავედით. ალბათ ყველაზე ცუდად თავი იქ ვიგრძენით ყველამ!!! მხოლოდ რამოდენიმე კედელია დარჩენილი!!! აფეთქებული ტაძარი! თან რისთვის აფეთქებული!? იმისათვის რომ სოფლის გზა ვიღაცამ 50 მეტრით გვერძე ვერ დაგეგმა და პირდაპირ ეკლესიაზე გაატარა! აღშფოთებამ და სიბრაზემ ყელში წამიჭირა... მერე ისევ საკუთარი უსუსურების შეგრძნება. მოვუარეთ ამ კედლებს და ვნახეთ გამონგრეული კედელი შევიხედეთ და გაძარცვული საძვალეები აღმოჩნდა. თანაც როგორც ჩანს ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანის იყო რადგან კარები არ ქონდა! ვერაგ თურქებს კი კედელი შეუნგრევიათ გაუძარცვიათ. ძვლები პირდაპირ მიწაზეა მოფენილი ! ვუყურებდი მეგობრებს და ვხედავდი თუ როგორ განიცდიდა თითოეული მათგანი. ...და ისევ უსუსურების შეგრძნება.

შემდეგ გეზი შატბერდისკენ ავიღეთ. მივედით.ჰოი საოცრებავ მის კედელზე "უძველესი" მე-20 საუკუნის სომხური წარწერა აღმოვაჩინეთ!!!:(

დავიძარით არტანუჯის ციხისაკენ! ეს მართლაც ძალიან ხეირიანი დაგვირგვინება გამოგვდიოდა! ძლიერების და სიამყის, სევდისა და ტკივილის სუნი ტრიალებდა ამ ბუნებრივ ციხეზე! ულამაზესი და უმკაცრესი ადგილია!!
შემდეგი გაჩერება ჯოჯოხეთის კარიბჭეო გამოგვიცხადა გიდმა და მოემზადეთო! მართლაც აღარ გვეგონა თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა იმ დღეს!!!!! ეს ულამაზესი დაკლაკნილი უზარმმაზარი "კორიდორი" რომელიც კლდეში გველივით მიიკლაკნება და დარბაზული ჩიხით მთავრდება ზოგან ისეთი ვიწროა რომ ორი კაცი ერთად ვერ გაივლის! იქ ასულებს ქართველობის გრძნობა გაგვიათმაგდა! გაბრწყინებული თვალებით ჩვენდაუნებურად სიმღერა წაგვსკდა ბაგეთაგან! ეს მართლაც რაღაც ძლიერი განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მეც და დარწმუნებული ვარ ყველა იქ მყოფებს! ექო განსაკუთრებულ ხიბლს ძენდა ისედაც ულამაზეს ქართულ სიმღერას! დროშაც გაიშალა და ბოლოს ჰიმნიც გაისმა!

ემოციებისგან დაცლილნი ხოფასკან გავეშურეთ. ვიშოვეთ საკმაოდ ნორმალური სასტუმრო. რაშიც იქაური ქართველი გურადი დაგვეხმარა.

დილით ხოფადან თამარის ხიდის სანახავად მურღულის ხეობაში წავედით. რაზმში მყოფ მერღულიათა მოზრდილ რაზმს ქალაქ მურღულში საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და მოგვარეთა მოძიება უნდოდა. მურღულში მისვლით პენალი დავარტყით - თურმე იქ სულ ქართველები ცხოვრობენ და მთელი ქალაქი ჩვენ შემოგვესია. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჩვენთან სასაუბროდ და ცენტრალური ქუჩა გაივსო ხალხით. რომელიმე ჩვენგანი სადაც გაჩერდებოდა, მის ირგვლივ მაშინვე იკვრებოდა დიდი წრე. თან, იუსუფელის ქართველებისგან განსხვავებით, ესენი მშვენიერი ქართულით საუბრობენ. იმ დღეს მურღულს ართვინის გუბერნატორიც სტუმრობდა, მაგრამ ჩვენი სტუმრობა ბევრად მასშტაბური ამბავი იყო. მურღულიები ქალაქის მერიაში შეხვდნენ მერის წარმომადგენელს !!!!! ავიანთი მოგვარეებიც იპოვეს !!!

იქ ერთი ჩოლოყაშვილიც გავიცანით - არისტოკრატიული, მართლა თავადური იერის დარბაისელი კაცი, რომელმაც თავისი ქართული ტიპაჟით ყველა მოგვხიბლა. "ჩოლოყ-ოღლუს მეძახიან ეს შობელძაღლებიო" ჩაილაპარაკა ჩვენთან საუბრისას და ცრემლიც მოერია. გზად თამარის ხიდიც ვნახეთ და გეზი ბათუმისკენ ავიღეთ!

ბათუმში 3 საათიანი შესვენება მოვაწყვეთ. მონატრებული ქართული კერძები დავაგემოვნეთ და 1 საათისთვის თბილისის გზას დავადექით! ჩაძინებულები ტაო-კლარჯეთის იმ ულამაზესი ადგილების კადრებით ვტკბებოდით, რომლებიც გასული ხუთი დღის განმავლობაში ცხადში გვიდუღებდა სულს.


პ.ს. სპეციალური მადლობა ბატონ ოსმანს ! მის გარეშე ამდენს ვერ მოვასწრებდით!!!! ოსმან არხეინად იყავი ! ხო ხედავ ვერც ვერაფერი დაგვაკელი!!!

--------------
აქ უკვე ჩემი ნაამბობი იწყება ფოტოებითურთ:

პირველი ფოტოები ვალეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტიდან. რეგისტრაციის გავლაზე 2 საატზე მეტი დავკარგეთ:


ფოტოაპარატის დანახვაზე აღშფოთებული მესაზღვრე:




ბანა!
ბანას ტაძარი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე მდებარეობს, მდინარე ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ბანა არა მხოლოდ ტაო-კლარჯეთის, არამედ მთელს ქართულ ხუროთმოძღვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რადგან ის არის ფაქტობრივად ერთადერთი მრგვალი ტაძარი (ამავე მასშტაბების მრგვალი ტაძარი არსებობს სასომხეთში " " სხვა ანალოგია კავკასიაში არ მოეძებნება). პირველად ტაძარი აშენდა მე-7 საუკუნის შუა ხანებში, ხოლო მეფე ადარნესე II-ის დროს დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, რომლის პირველი ეპისკოპოსი და ბანას ხელახლა აღმშენებელი იყო კვირიკე ბანელი. 1031 წელს ბანას ტაძარში ბაგრატ IV და ბიზანტიის იმპერტორის ძმისშვილმა ელენემ დაიწერეს ჯვარი. ბანაშია დაკრძალული ერთიანი საქარტველოს ერთ-ერთი უკანასკნელი მეფე ვახტნგ IV და მისი მეუღლე სითი ფანასკერტელი. 1555 წლიდან ბანა ოსმალეთის ფარგლებშია. 1853 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ციხედ იყო გადაქცეული და იქ ოსმალეთის გარნიზონი გამაგრებული, ამის გამო ბანას ულამაზესი თაღოვანი გარსშემოსავლელი ამოაშენეს და დაამახინჯეს. ომის დროს რუსული ქვემეხების ყუმბარებმა ბანას გუმბათი ჩამოაქცია და ნელ-ნელა ტაძარმა ნგრევა დაიწყო... მოგვიანებით მიწისძვრამ კიდევ უფრო სავალალო დღეში ჩააგდო ულამაზესი ტაძარი. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ საკრთხევლის აფსიდი, ამოშენებული გარსშემოსავლელის ნაწილი, მეორე სართლის კედლის ნაწილი და დასავლეთით ორი უზარმაზარი თაღი... მოიხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ თუ როგორი იყო ტაძარი თავდაპირველად, ის დღესაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს... მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება რამდენიმეგან ულამაზესი ორნამენტის ამოკითხვა (ვაძის ფოთლები, ბროწეულის ყვავილი, ბოლნური ჯვრები), ასევე შემორჩეილია რამდენიმე სვეტი თავისი კაპიტელებიანად...






კანიონი ავტობუსის დაბურული ფანჯრიდან:



ოშკი




ცხელ–ცხელი საღამო – თურქებთან შეჯიბრი ცეკვა–სიმღერაში:






და ბოლოს თურქებმა და ქართველებმა დავივიწყეთ ძველი მტრობა, და ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა ვიმღერეთ "გოგოვ გოგოვ ფაციავო ნანაიდა........."



პარხალი, და ოთხთა



შორენა ე.წ. დათვების აბანოში :)




ოთხთა, მთელი თავისი სადა სიდიადით!!!




ქ. იუსუფელის მამაკაცებს უსაქმურად ჯდომის სიყვარულში ქართველებიც კი ვერ შეეჯიბრებიან!



არჩიგიოს მიერ უკვე ხსენებული საღამო, როცა სასტუმროდან უბოდიშოდ გამოგვიძახეს გარეთ, სწორედ ამ გასერინების და ვახშმის მერე გველოდა სიურპრიზად.

სასტუმროში დაბრუნებულებს ზოგიერთი ოთახი დაცლილიმ ბარგი კი გარეთ გამოყრილი დაგვხვდა.

მცირე ფიქრის და განსჯის შემდეგ, აგვეტეხა თუ არა საერთაშორისო სკანდალი, გადავწყვიტეთ, რომ ოპტიმალური გზა აგვერჩია და სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადგილის ნახვა მოგვესწრო დარჩენილ დროში, პოლიციის გამოძახებისა და საათების მათთან ჯიჯღინში გატარების ნაცვლად.

საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ორმაგად სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია (მიუხედავად თავმოყვარეობის უზომოდ შელახვისა).
ჯერ ერთი რომ სკანდალის ატეხვის შემთხვევაში ვერაფრის ნახვას ვეღარ მოვასწრებდით. (არადა მას მერე კიდევ 5 ძეგლი ვნახეთ)
და მეორეც:
სამსუნში მომხდარი ტრაგედიის მერე ნათლად გამოჩნდა თუ რა მყარად გვიდგას ჩვენი სახელმწიფო გვერდში და რა ანგარიშგასაწევი ერი ვართ უცხო ქვეყანაში გასაჭირში ჩავარდნილები.

ესეც ავტობუსსჰი ცჰაზინებული ხალხი:



როგორც იქნა ავად თუ კარგად, რაც მთავარია მშვიდობიანად გადავაგორეთ ის ღამე.

ართვინში რასაკვირველია სასტუმრო ვერ ვიშოვეთ და დილაადრიან არტანუჯში ავაღწიეთ.
იქ სასტუმრო ცოტა სხვა რამე ეგონათ მგონი, თან უკვე გათენებული იყო და აზრიც აღარ ჰქონდა დაბინავებას.

ერთადერთი რაც ამდენ ხანს გვაკლდა, ანუ საპირფარეშო, მალევე მოვიძიეთ
დისკრიმინაცია პერვავა სორტა. ქალების ტუალეტი მინიმუმ 2-ჯერ პატარა იყო კაცების დაწესებულებაზე თანაც დაუსუფთავებელი და თანაც ძვირი

ეს "დაწესებულება" მგონი არავის გადაუღია.



შემდეგ იწვიმა.
გიდმა იმედი გადაგვიწურა, ვერცერთ ადგილას ვერ მივალთ ისეთი საშიში გზებიაო.
მის ნაცნობ მარშრუტკის მძღოლებს მაინც დავურეკეთ, იმათაც იგივე გვითხრეს.
ნახევრად მძინარეები და საგონებელში ჩავარდნილები გოდერძი შარაშიამ გამოგვაფხიზლა. )მას თავისი გასაჭირი ეგდა, 5 ძეგლი ჰქონდა მარტო ფილმისთვის გადაღებული, ისიც ნახევრად დამჯდარი "ბრაკი" ელემენტებით)
კითხვა მოკლედ და კონკრეტულად დასვა - გავრისკოთ, თუ არაო?

ჰოდა გავრისკეთ, და კიდევ კარგი
არტანუჯს როგორც კი გავცდით, აღმოჩნდა რომ ქალაქს გარეთ მთელი ღამე წვეთი წვიმაც კი არ ჩამოვარდნილიყო. და დანიშნულების ყველა წერტილში უსაფრთხოდ და მშრალი ფეხსაცმლით მივედით
(შიშის ერთადერთი მიზეზი თურქი მძღოლების "თამამი" სიარული იყო ბილიკისხელა გზებზე .

დოლისყანა



ესეც ხანძთა!






ოოო რამდენი ვეხვეწეთ, რა ფასი არ შევთავაზეთ, და ეს თუნგები ვერაფრით გამოვტყუეთ ხანძთელ თურქ ბაბუას...



ეს ოპიზა, განადგურებული,,,, ვინ იცის ვისი ძვლებია მიმოფანტული.




ამ ფოტოზე წესით ოპიზის მონასტრის საკურთეველი უნდა იყოს, ეხლა კი გზა გადის, ვიღაც თურქის სახლამდე,
მოკლეზე მისასვლელად საქმე გაიიოლა და საკურთხევლის დარჩენილი ნაწილიც ააფეთქა...

ასეა, ასე, უპატრონო ეკლესიასო......



ესეც შატბერდი:



ეს უკვე არტანუჯია!







სხვათა შორის მშვენიერი სასტუმრო იყო 20 ლირად (25 ლარამდეა).
აი ამიტომ ვერ ქაჩავს საქართველო ტურიზმში
ფასები გვაქვს ევროსტანდარტი, მომსახურება..........

კაი განვაგრძოთ.
შემდეგი, ანუ ბოლო დღე ქალაქ მურღულს დავუთმეთ.
ბოლოსდაბოლოს მურღულიების მთელი გვარი იყო წამოსული და ხომ უნდ ენახათ თავიანთი ქალაქი

ჰოდა ჩავედით მურღულში
აღმოჩნდა ერთი ციცქნა, მაგრამ ძალიან ცივილიზებული ქალაქი. სულ ერთი ქუჩა იყო, მაგრამ ამ ქუჩაზე საჩაიეც იყო, და ინტერნეტკაფეც, და ყველანაირი ტექნიკის მაღაზია......
(ეეეეეჰჰჰჰჰჰჰ............... ყველა ჩვენ როგორ გვჯობია.....((((

სურათები ქ.მურღულიდან:






მურღულიდან წამოსულები პატარა ხიდთან გავჩერდით, ამბობენ თამარის ხიდიაო:




შემდეგ ეს ისევ ხოფა და ჩვენი სასტუმრო, გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე.......

და სარფის საბაჟოელი "ბიჭუნა", რომელიც ბევრად უარესად მოგვექცა, ვიდრე თურქი მესაზღვრეები..................



როგორც იქნა გადმოვლახეთ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, წვიმაში 5 დაუჯდომლად საათი ყურყუტისა და ჩხუბის შემდეგ, კიდევ კარგი ცვლის უფროსი ადამიანი აღმოჩნდა და ჩვენი ავტობუსი შედარებით ადრე, სულ რაღაც 5 საათში გამოატარა ურიგოდ....

მოკლედ, მოშიებულები და გაყინულები, დარჩენილი ლარების ამარა ბათუმის რესტორანში შევცვივდით ხაჭაპურის საჭმელად

ცოტა კი აღშფოთდნენ მეპატრონეები ამდენი ხალხი რომ დაგვინახეს, თანაც ცოტა ფულის გადახდის პერსპექტივით, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და მშვენივრადაც გაგვიმასპინძლდნენ

ჩვენც ვეცადეთ ერთად მოგზაურობის ბოლო საათები რაც შეიძლება ხალისიანად გაგვეტარებინა, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ვიჭიდავეთ (! ), თავზე დავიმხეთ ყველაფერი, მერე ერთიც ერთობილივი ფოტო ჩავაკარტოჩკეთ და......